საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ოფიციალური ვიზიტი ლონდონში გრძელდება.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა შეხვედრა გამართა მსოფლიოში უდიდესი საერთაშორისო საგანმანათლებლო კომპანია - მაკმილანის ხელმძღვანელობასთან.
მინისტრმა მაკმილანის ხელმძღვანელობას გააცნო ხედვა ელექტრონული წიგნების შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გადაიყვანს თვისობრივად ახალ ეტაპზე. ციფრული სახელმძღვანელოების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლეებს მასალის წაკითხვასთან ერთად წვდომა ექნებათ მულტიმედიურ ინტერაქტიულ რესურსებზე, როგორიც არის თვითშეფასების ტესტები, ვირტუალური ლაბორატორიები და სხვა აპლიკაციები.
საპილოტე რეჟიმში სამინისტრო გეგმავს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ქართული სახელმძღვანელოების გაციფრებას. ამასთან დაკავშირებით გამოცხადდება კონკურსი საუკეთესო სახელმძღვანელოების შესარჩევად. ამ კონცეფციამ მაკმილანის ხელმძღვანელობის დიდი მოწონება დაიმსახურა და მათ გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ კონკურსში.
ლონდონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმში იღებს მონაწილეობას. ფორუმზე 95 ქვეყნის 1200-ზე მეტი დელეგატი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს, ახალ მიდგომებსა და სტრატეგიებს განიხილავს. ფორუმის ძირითადი თემაა - სწრაფად ცვალებად სამყაროში განათლების გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება.