საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს ბრიტანეთის საბჭოსთან მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვა წარმოადგენდა. მხარეებმა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის სამეწარმეო უნარების გაძლიერებისა და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესების შესახებ იმსჯელეს.
ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ წარმატებით ხორციელდება საქართველოს 7 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის თქმით, აუცილებელია უმაღლესი განათლების საფეხურზე სტუდენტებში შემოქმედებითი მეწარმეობის უნარების განვითარება, რაც არა მხოლოდ მათ დასაქმებას, არამედ მათი სამეცნიერო კარიერის განვითარებას შეუწყობს ხელს. საგულისხმოა, რომ პროგრამაში ჩართული სტუდენტები აღიჭურვებიან ისეთი უნარებით, რომლებიც მათ დაეხმარება როგორც საკუთარი შემოქმედებითი იდეის პროექტის სახით ჩამოყალიბებასა და ბიზნეს პროდუქტად გარდაქმნაში, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მოძიებაში.
შეხვედრაზე ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენელმა ზაზა ფურცელაძემ მინისტრის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია პროექტის „უმაღლესი განათლება დასაქმებისათვის“ შესახებ, რომლის ერთ-ერთ მიზანს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.
შეხვედრის ბოლოს მხარეები თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ და პროექტებთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების დეტალურად განხილვის მიზნით სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტთან მომავალი შეხვედრები დაგეგმეს.