საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით, აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ვირუსის გამოვლენისთანავე, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციის საფუძველზე, ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. დროული რეაგირების ამ მექანიზმის გამო სკოლებში შიდა გავრცელების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის არტურ მარტიროსიანის ხელმძღვანელობით საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლების, ლაილაშისა და ორბელის საჯარო სკოლებს ეწვია და სასწავლო პროცესის მიმდინარეობასა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ პანდემიის ფონზე სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში, დაბრუნება ძალიან დიდი მიღწევაა, რასაც შენარჩუნება სჭირდება. ამისათვის კი საჭიროა როგორც სასკოლო საზოგადოების, ასევე მშობლების მხრიდან სამედიცინო პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვა და ვაქცინაციის პროცესში ჩართვა.