საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა ალექსანდრე წულაძემ პარლამენტის წევრებს სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული სიახლეები გააცნო.
ალექსანდრე წულაძემ ბაღებსა და სკოლებში ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფას და განათლების ხარისხის ზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, სამინისტროს მიზანია, ჩამოყალიბდეს ძლიერი და ინკლუზიური სისტემა, რომელიც პოზიტიურ და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს ქმნის თითოეული მოსწავლისთვის.
მინისტრობის კანდიდატმა სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტრო აგრძელებს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას, შენობების რეაბილიტაციასა და სკოლების მშენებლობას.
ალექსანდრე წულაძე: „სამინისტრო აგრძელებს სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას – რეაბილიტაციას, მშენებლობას, შენობების ადაპტირებას და აღჭურვას, რაც ჩვენს ასი ათასობით მოსწავლეს შეუქმნის უკეთეს სასკოლო გარემოს.
2028 წლისთვის 500-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდება. ამასთან, განხორციელდება სკოლების ტექნოლოგიური, ციფრული და მატერიალური სამეცნიერო ლაბორატორიებით აღჭურვა და გაიხსნება საერთაშორისო სტანდარტების მქონე, ულტრათანამედროვე რეგიონის საგანმანათლებლო ჰაბი „ევროპული სკოლა – თბილისი“.
მინისტრობის კანდიდატი სიტყვით გამოსვლისას სასკოლო ასაკის საკითხსაც შეეხო. როგორც მან აღნიშნა, ახალი სასწავლო წლიდან პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.
ალექსანდრე წულაძემ საუბრისას ხაზი გაუსვა საგნობრივი სტანდარტების განახლების და სკოლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა (STEM) და მათემატიკის სწავლების გაძლიერებას.
ალექსანდრე წულაძე: „ჩვენ XI-XII კლასებში მოსწავლეებს შევთავაზებთ მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროგრამებს და არჩევით საგნებს. მათემატიკის არჩევის შემთხვევაში მოსწავლეებს ექნებათ საშუალება, ისწავლონ ჩაღრმავებული მათემატიკა - ახალი კურიკულუმის შემუშავება მოხდება კომაროვის და ვეკუას სკოლების გამოცდილების საფუძველზე, და აღნიშნული მოდელი თანდათანობით დაინერგება ყველა საჯარო სკოლაში მთელი საქართველოს მასშტაბით.
მოგეხსენებათ 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების ეპოქაა, რომელშიც თავის დამკვიდრება და კონკურენტუნარიანობა ყველა ახალგაზრდისთვის დიდი გამოწვევაა, ხოლო ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნა მოითხოვს ერთდროულად სხვადასხვა სფეროში მიღებული ცოდნის გამოყენებას. სწორედ ამ მიზნით დაწყებითი საფეხურის შემდეგ მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა STEAM განათლების მიღების. კერძოდ, მოხდება STEAM კლებების შესაძლებლობების კოლოსალური გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ტექნოლოგიური ეპოქისათვის საჭირო ყველა მოთხოვნადი უნარის განვითარებას.
მნიშვნელოვანია ასევე ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა და საჭირო უნარების განვითარება ყველა მოსწავლისთვის. ამასთან, სწავლა-სწავლების პროცესში მაქსიმალურ ყურადღება დაეთმობა მოსწავლეებში ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, თვითგამოხატვა, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და სხვა,“ – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრობის კანდიდატმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის, სკოლებში პროფესიული განათლების დანერგვის, ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ისაუბრა.