საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ქეთრინ შვაიცერთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან აშშ-ის საელჩოს ინიციატივის – „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გახსნა, რომელიც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში საქართველოს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთა წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ხონელიძის წიგნის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ პრეზენტაცია.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა VI საერთაშორისო კონფერენციას „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ უმასპინძლა. კონფერენცია ონლაინ ფორმატში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა გახსნა, კონფერენციის მონაწილეებს საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ სამეცნიერო საზოგადოება ქვეყნისათვის საჭირო და გამოწვევების გადაჭრაზე ორიენტირებულ მოხსენებებს წარმოადგენს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ახლად დაფუძნებული ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს.