საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში SEU მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT) თანამშრომლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა როგორც განათლების სფეროს, ასევე, სტარტაპ ეკოსისტემის სექტორების განვითარების კუთხით SEU-სა და MIT-ს შორის არსებული პარტნიორობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და რეგიონში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით SEU-სა და MIT-ის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გლობალურ ასპარეზზე არსებულ კონკურენტულ გარემოში ცვლილებების ავანგარდში მყოფ ინსტიტუტთან თანამშრომლობა და მისი შემოსვლა საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის გაუმჯობესების მიმართულებით. მისი თქმით, თანამშრომლობის შედეგად, SEU ახალგაზრდა სტრატაპერებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალი იდეების განხორციელების უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს.
ღონისძიებაზე სტუმრების წინაშე სიტყვით ასევე წარდგნენ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი გია კავთელიშვილი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამეწარმეო ცენტრის მმართველი დირექტორი ბილ ოლეტი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარის მოადგილე ლევან დარსალია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტების რექტორები, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტთან – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა ხელშეკრულება მიმდინარე წლის სექტემბერში გააფორმა. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს განათლების სისტემისა და Start-up ეკოსისტემის განვითარების მიზნით პარტნიორობის გაძლიერებას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს.
ამასთან, SEU, მსოფლიოს სხვა 4 უნივერსიტეტთან ერთად, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) სამეწარმეო ცენტრის Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ინიციატივით შექმნილი ანტრეპრენერული განათლების გამავრცელებელთა ქსელის (Raise the Bar Entrepreneurship Educators Network) თანადამფუძნებელია. აღნიშნული ქსელი გლობალური მასშტაბით ანტრეპრენერული განათლების დონის ამაღლებას ემსახურება და მის მთავარ მიზანს მაღალკვალიფიციური მეწარმეების მომზადება და მათთვის ყველაზე კრიტიკულ გამოწვევებთან გამკლავებისთვის საჭირო უნარების ჩამოყალიბება წარმოადგენს.
ანტრეპრენერული განათლების გამავრცელებელთა ქსელში ჩართულობა SEU-ს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, გააძლიეროს პარტნიორობა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და გაიზიაროს მათი გამოცდილება მეწარმეობის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით.
პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს უკვე გამოცხადებული აქვს ღია კონკურსი სრულად დაფინანსებულ ანტრეპრენერული განათლების გადასამზადებელ პროგრამაზე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT). კონკურსში მონაწილეობა შეუძლია SEU-ს აკადემიურ პერსონალს ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ან ამ სფეროს ნებისმიერ წარმომადგენელს, ვინც მომავალში SEU-ს აფილირებული აკადემიური პერსონალი გახდება.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან MIT-ის "გამართული ანტრეპრენერობის ჩარჩოებს", სიღრმისეულად გაეცნობიან და შეისწავლიან "გამართული ანტრეპრენერობის 24 ნაბიჯის და 15 სტარტაპ ტაქტიკის მეთოდოლოგიას". ასევე გაეცნობიან MIT-ის სამეწარმეო ცენტრის სტარტაპ აქსელერატორებს, პროგრამებს. ტრენინგი ჩატარდება 2025 წლის 13 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი 1861 წელს დაარსდა და QS World University Ranking-ში, უახლესი მონაცემებით, პირველ ადგილს იკავებს უნივერსიტეტების როგორც ზოგად რეიტინგში, ისე ტექნოლოგიური მიმართულებით. ამასთან, MIT-ი წარმატებული, ინოვაციური სტარტაპების რაოდენობით მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ.