ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის“ პრეზენტაცია გაიმართა, ასევე, გაიხსნა გამოფენა „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის პერსონაჟები“. პრეზენტაციაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ესწრებოდა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ვახტანგ ღამბაშიძის, ოჯახი მჭიდროდ იყო დაკავშირებული პირველ ქართულ უნივერსიტეტთან. მისი ქალიშვილი, მედეა ღამბაშიძე, 1918 წელს დაარსებული უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი იყო. თავად ვახტანგ ღამბაშიძე საკუთარი სურვილით უსასყიდლოდ კითხულობდა ლექციებს ჰიგიენის ფაკულტეტზე. ხოლო მისი მეუღლე, ვანდა ღამბაშიძე, უნივერსიტეტში ინგლისური ენის კურსს უძღვებოდა. ცნობილი ექიმის, ვახტანგ ღამბაშიძის, სახელთან არის დაკავშირებული ცემის კურორტად ქცევა.
ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისათვის ისეთი მაგალითების შენარჩუნება და გადაცემა, რომლებიც ქვეყნის განვითარებისათვის შეტანილ უდიდეს წვლილს წარმოაჩენს. „ჩემთვის, როგორც ემიგრანტი ოჯახის მეექვსე თაობის წარმომადგენელისათვის, ძალიან ემოციურია ის ფაქტი, რომ ვახტანგ ღამბაშიძე უსასყიდლოდ კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მომავალი თაობების განათლებაზე ზრუნავდა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა წიგნის გამომცემლებს უნიკალური მასალების შეკრებისათვის.
წიგნში „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომი“ გამოქვეყნებულია ცნობილ ქართველ და უცხოელ მოღვაწეთა მიერ სანატორიუმ „პატარა ცემის“ შთაბეჭდილებათა წიგნში გაკეთებული უნიკალური ჩანაწერების (1904-1946 წწ.) ფოტოასლები. მათ თან ერთვის ბეჭდური ვერსიები, კომენტარები და საძიებლები. წიგნში, აგრეთვე, დაბეჭდილია რამდენიმე ჩანახატი, მათ შორის, ზიგმუნტ ვალიშევსკის „ცემის პეიზაჟი“ და პოიარკოვის „ვახტანგ ღამბაშიძის პორტრეტი.“
წიგნი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.