განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის მხარდაჭერის მასშტაბური ღონისძიებები დაიწყო, რომელთა დიდი ნაწილი ცენტრსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება.
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში ახლახანს განხორციელებული ცვლილებები შესაძლებლობას აძლევს კოლეჯებს, მოიპოვონ იმგვარი პროფესიული პროგრამების განხორციელების უფლება, რომლებშიც ინტეგრირებულია სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. შედეგად, კოლეჯებს მიეცემათ უფლება, სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი გასცენ.
სწორედ პროფესიულ განათლებაში ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის ინტეგრირების საკითხებს შეეხება ტრენინგების ციკლი, რომელსაც ცენტრის დირექტორის მოადგილე, კახაბერ ერაძე, კერძო და საჯარო კოლეჯების წარმომადგენლებისათვის ატარებს. პირველ სამუშაო შეხვერდას კოლეჯი „იკაროსი“ მასპინძლობს.
ტრენინგის მონაწილეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი შეხვდა და ინიციატივის დანერგვის პროცესში სამინისტროს მხარდაჭერაზე ესაუბრა.