კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ , საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კომენტარი გააკეთა.
მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე ზრუნვიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდეს.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამინისტროს შემუშავებული აქვს კონკრეტული საგანმანათლებლო და აკადემიური გეგმა რომელსაც სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები უახლოეს დღეებში გააცნობენ მოსწავლეებსა და სტუდენტებს. ეს გეგმა გარანტიას იძლევა იმისა, რომ სასწავლო და აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშლება“.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.