მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტო (WADA) და სპორტული საზოგადოება სამართლიანი თამაშის დღეს აღნიშნავს. Play True Day - 2014 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანია სპორტის უმთავრესი ღირებულებების დაცვა, რაც სპორტსმენთათვის სამართლიანი გარემოს შექმნას გულისხმობს. ამჯერად, ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ აქტივობებს, მსოფლიოში მიმდინარე ცნობილი მოვლენების გამო, განსხვავებული ფორმა აქვს.
მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტოს წლევანდელი დევიზია - „ითამაშე უსაფრთხოდ სამართლიანი თამაშის დღეს“. საერთაშორისო ორგანიზაცია სპორტსმენებსა და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს სოციალური მედიის კამპანიაში მონაწილეობას სთავაზობს - "Play Safe on Play True Day 2020".
კამპანიის მონაწილეებმა, WADA-ს მიერ დამზადებული სხვადასხვა ბრენდირებული ჩარჩოსა (Frame) ➡ http://www.facebook.com/profilepicframes/?selected_overlay_id=218592019479037 და შესაბამისი მონიშვნების (ჰეშთეგი) გამოყენებით, უნდა გააზიარონ ფოტო, ან განათავსონ ვიდეო სოციალურ ქსელში, რომელიც გამოხატავს მიზეზს, თუ რატომ ვუერთდებით აღნიშულ კამპანიას - „ითამაშე უსაფრთხოდ სამართლიანი თამაშის დღეს“. სოციალურ აქტივობაში ჩართვით, ისინი ამავდროულად გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, თუ რა ზომებს იღებენ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, დაგმობენ სპორტსმენთა მიერ დოპინგის გამოყენებას და მხარს დაუჭერენ სპორტსმენების სუფთა, პატიოსან და სამართლიან გარემოში ასპარეზობის უფლებას.
მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტოს ინიციატივას - "Play Safe on Play True Day 2020" საქართველოც უერთდება. ეროვნული ანტი-დოპინგური სააგენტო მოუწოდებს პროფესიონალ და მოყვარულ სპორტსმენებს სამართლიანი თამაშის წესების დაცვასთან ერთად, გაითვალისწინონ საქართველოს მთავრობის რეკომენდაციები და ვარჯიში სახლის პირობებში განაგრძონ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, ჩვენმა ქვეყანამ სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეროვნულ ანტი-დოპინგურ სააგენტოსთან ერთად აქტიურადაა ჩართული დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამჟამად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ანტი-დოპინგური ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაა.