15 აპრილი ხელოვნების მსოფლიო დღეა, რომელიც UNESCO -ს ეგიდითა და ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის ინიციატივით აღინიშნება.
ამ დღის აღნიშვნის მიზანია ხელოვნების მეშვეობით ერებს შორის დიალოგის გაღრმავება, კულტურის პოპულარიზაცია და მისი განვითარება, ამ გზით მსოფლიოში მშვიდობის დამყარება. აღსანიშნავია, რომ ხელოვნების მსოფლიო დღე 15 აპრილს, ლეონარდო და ვინჩის დაბადების დღეს აღინიშნება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი: „15 აპრილს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ხელოვნების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
ვულოცავ ამ დღეს კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეებს. ჩვენი უძველესი და უმდიდრესი კულტურა უნივერსალურ, უზენაეს საკაცობრიო ღირებულებებს ეფუძნება და ამავე დროს, საკუთარი უნიკალური ფერებით ამდიდრებს მსოფლიო კულტურულ საგანძურს.
დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო და მათ შორის, ჩვენი საზოგადოება უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალი, შემოქმედებითი გზების ძიება, ამიტომ, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს ხელოვანებს, ლიტერატორებს, მუზეუმების, თეატრების, გალერეების, არქივების, სხვა კულტურული და შემოქმედებითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ვინც ენთუზიაზმით ჩაერთენ ჩვენი სამინისტროს მიერ ორგანიზებულ პროექტში „კულტურა ონლაინ“ და ცდილობენ საკუთარი წვლილი შეიტანონ საერთო ძალისხმევაში უკეთესი ხვალინდელი დღისთვის.“