საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს დიდი ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობისა და მხატვრის რეზო ესაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს.
რეზო ესაძე საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელი, საქართველოს მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი იყო.
გადაღებული აქვს 11 ფილმი: „ნეილონის ნაძვის ხე”, „წისქვილი ქალაქის გარეუბანში", „ერთი ნახვით შეყვარება”, ,,ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“, „საქორწილო საჩუქარი", „წკიპურტები", „ყოველ შაბათს”, „წამზომი", „ოთხი ფურცელი", „ფრო", „ერთხელ”.
შესრულებული აქვს არაერთი მთავარი და ეპიზოდური როლი.
რეზო ესაძის პერსონალურ გამოფენებს სხვადასხვა დროს თბილისი, მიუნხენი, ჟენევა, თელ–ავივი მასპინძლობდა. მისი ნამუშევრები ინახება პირად და სამუზეუმო კოლექციებში. 1975 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 2001 წელს მისი ლექსების პირველი კრებული გამოქვეყნდა.
2019 წელს, რეზო ესაძის 85 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.