დასრულდა მოსწავლე გოგონათა შორის ევროპის მათემატიკური ოლიმპიადა (EGMO 2020), რომელიც წელს მსოფლიო პანდემიის გამო, ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდა. ყოველწლიურად აღნიშნულ ოლიმპიადაში ევროკავშირის ქვეყნების გარდა, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. მიმდინარე წელს მასში 52 ქვეყნის, 204 საუკეთესო მოსწავლე იყო ჩართული. მათ შორის იყო საქართველოს ნაკრები, რომელიც კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლე ოთხი გოგონასგან შედგებოდა.
ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელთათვის ოლიმპიადა წარმატებული აღმოჩნდა. წელს პირველად, ნაკრების ოთხივე წევრმა მედალი მოიპოვა: ანა ონოფრიშვილი - ოქროს მედალი; თამარ კორკოტაშვილი - ვერცხლის მედალი; მარიამ ივარდავა - ბრინჯაოს მედალი; მარია ცხვედიანი - ბრინჯაოს მედალი.
გუნდურ ჩათვლაში, საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან ერთად IX-X ადგილი გაიყო, რაც მონაწილე ქვეყნების რაოდენობიდან გამომდინარე, კარგი მაჩვენებელია.
ნაკრების ლიდერი იყო ივანე გოქაძე, თანალიდერები - დიმიტრი არაბიძე და საბა ლეფსვერიძე.