საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო, 132 ქვეყნის 206 წარმომადგენელს სიტყვით მიმართა და მათ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ის ნაბიჯები გააცნო, რომლებიც სახლში დარჩენილთათვის კულტურული სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გადაიდგა.
მინისტერიალის მთავარ მიზანს კულტურულ სექტორზე COVID-19-ის პანდემიის გავლენის შესახებ მსჯელობა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დასაძლევად სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
მინისტერიალი UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულაიმ გახსნა და კორონავირუსის პანდემიის მართვისას მიღებული ზომების შესახებ ისაუბრა, რამაც კულტურული ეკოსისტემის შესუსტება გამოიწვია. ამის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის კულტურის მინისტრებმა ერთმანეთს ამ მიმართულებით საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.
მიხეილ ჩხენკელი: „მადლობას ვუხდი გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (UNESCO) და ქალბატონ ოდრი აზულაის კულტურის მინისტრების პირველი ვირტუალური შეხვედრის ორგანიზებისათვის. ვფიქრობ, იგი უაღრესად სასარგებლო იქნება თითოეული მონაწილე ქვეყნისათვის კულტურის სექტორში არსებული გამოწვევების დასაძლევად.
COVID-19-ის პანდემიამ მთელს სამყაროს დაანახა, რომ ხელოვნება ახლა კიდევ უფრო გვაახლოებს, ვიდრე ოდესმე. კულტურული ცხოვრების – თანამედროვე და პროგრესული საზოგადოების ერთ-ერთი საყრდენის – შესუსტების მიუხედავად, მჯერა, ერთობლივი ძალისხმევა, საერთაშორისო თანამშრომლობა, ინფორმაციისა და იდეების გაცვლა გადამწყვეტი იარაღია სტაბილურობის მისაღწევად.“
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, მრავალფეროვანი და საინტერესო კულტურული აქტივობები ონლაინ რეჟიმში ხორციელდება. სამინისტროს სისტემაში შემავალი კულტურული ორგანიზაციები საზოგადოებას ონლაინ სპექტაკლებს, კინოჩვენებებს, კონცერტებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
კერძოდ, სამინისტროში შემავალმა 24 - მა სამხატვრო დაწესებულებამ წამოიწყო მასობრივი ონლაინ კამპანია: #Stayathome #cultureforyou გახანგრძლივდა 16-მდე ღია კონკურსის ჩატარების ვადა, რომლებიც კულტურული ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური მხატვრების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო ძეგლების 3D ვერსიებისა და აღდგენილი კულტურული ადგილების ვიდეოკლიპების თავისუფალი წვდომა ინტერნეტში. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, არ შეჩერებულა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესი (აღდგენა, კონსერვაცია, რეკონსტრუქცია). მიმდინარე წელს დაგეგმილია 60-მდე კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება, მათ შორის, ფონდი „ქართუს“ მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერით.
მიხეილ ჩხენკელმა მინისტერიალის მონაწილეებს საქართველოს განხორციელებული ახალი პროექტი „ტელესკოლა“ გააცნო, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით 30 მარტიდან დაიწყო და საშუალებას აძლევს ყველა მოსწავლეს, მოისმინონ საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში, მათ შორის, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და მუსიკაში.
მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 27 მარტიდან (თეატრის საერთაშორისო დღე) შეიქმნა კულტურული ღონისძიებების ყოველკვირეული კალენდარი, რომელიც აქტიურად ზიარდება როგორც სამინისტროს, ასევე სახელოვნებო ორგანიზაციების ვებგვერდებსა და ოფიციალურ Facebook გვერდებზე. აღსანიშნავია, რომ ერთ ფოლკლორულ კონცერტს 50 000 ონლაინ მაყურებელი ჰყავდა. ქართული თეატრების ონლაინ სპექტაკლებმა კი დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.