საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და იულიხის კვლევით ცენტრს (FZJ) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც, საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი“ (GGSB) ფარგლებში, საქართველოსა და გერმანიას შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს. მემორანდუმს ხელი მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ვოლფგანგ მარქუარდტმა და დირექტორმა ჰანს შტროერმა მოაწერეს.
აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმს „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი“ (GGSB), რომელსაც იულიხის კვლევით ცენტრთან (FZJ) რამდენიმეწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) შეუერთდა.
მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და იულიხის კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებს შორის სასწავლო-სამეცნიერო კავშირების დამყარება. თანამშრომლობა დაგეგმილია სუპერკომპიუტინგის, მონაცემთა ანალიზისა და მანქანური სწავლების მიმართულებით. KIU ადრონული თერაპიის ცენტრი თანამშრომლობაში ჩაერთვება ბიოსამედიცინო, გამოყენებითი და სამედიცინო-ტექნიკური კვლევების მიმართულებით.
ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გაგრძელდება თანამშრომლობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორ ლაბორატორიასთან: SMART|AtmoSim_lab და SMART|EDM_lab, რომელთა სამეცნიერო კვლევის არეალი გაფართოვდება. დაგეგმილია ახალი ლაბორატორიის SMART|BioMedImage_lab დაარსება, რომელიც იმუშავებს სამედიცინო ტექნოლოგიების მიმართულებით.
იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშომლობის განახლებული მემორანდუმი, გარდა გერმანულ-ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა, ითვალისწინებს ყველა საფეხურის სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, სემინარების, საზაფხულო სკოლებისა და საგანმანათლებლო კვირეულების ჩატარებას, აგრეთვე, მოსწავლეთათვის ვორქშოპების ორგანიზებას.