საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ჩხენკელს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა ღია წერილი გამოუგზავნა, რომელშიც უმაღლეს შეფასებას აძლევს მინისტრის ხელმძღვანელობით განათლების სფეროში ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერესებზე ორიენტირებულ რეფორმებს.
წერილში ღაზან ხალილი მიხეილ ჩხენკელს მადლობას უხდის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის არსებული მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ულოცავს იმ წარმატებას, რასაც სამინისტრომ პანდემიის პერიოდში, განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებებით მიაღწია.
"ბატონო მინისტრო, პირველ რიგში, ნება მიბოძეთ გამოვხატო მადლიერება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის არსებული უწყვეტი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ჩვენ უმაღლეს შეფასებას ვაძლევთ თქვენი ხელმძღვანელობით გატარებული რეფორმების დღის წესრიგს განათლების სფეროში, რომელიც ორიენტირებულია ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერესებზე.
ასევე, ნება მომეცით გამოვიყენო შესაძლებლობა და გულწრფელად მოგილოცოთ წარმატება, რომელსაც მიაღწია სამინისტრომ თქვენი ხელმძღვანელობით, COVID-19 -ით გამოწვეული უპრეცედენტო კრიზისის პერიოდში, შექმნილი გამოწვევების დაძლევის მიმართულებით. შთამბეჭდავია სხვადასხვა საშუალების გამოყენებით, მოსწავლეებისთვის სწავლის უწყვეტ რეჟიმში გაგრძელების უზრუნველყოფისთვის გადადგმული ნაბიჯები და გაწეული სამუშაო.
მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო პატივისცემა და დავადასტურო გაეროს ბავშვთა ფონდის უწყვეტი მხარდაჭერის მზაობა“ - აღნიშნულია საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის წერილში.