საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს, უცხოეთში მყოფ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თითოეულ თანამოქალაქეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„თანამემამულენო, გილოცავთ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს! გილოცავთ ყველას, საქართველოსა თუ უცხოეთში მყოფებს, ჩვენი მრავალეროვანი სამშობლოს თითოეულ მოქალაქეს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს.
განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში მოღვაწე ადამიანებს, ვინც დღეს დაუღალავად შრომობს და საკუთრი წვლილი შეაქვს გლობალური გამოწვევის დაძლევაში.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება თავისუფლების იმ იდეალის გამარჯვებაა, რომელიც მუდამ განსაზღვრავდა ჩვენს ისტორიას. და თუმცა პირველი რესპუბლიკა ხანმოკლე აღმოჩნდა, არ განელებულა ქართველთა ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, რაც 1991 წელს სახელმწიფოებრიობის საბოლოოდ აღდგენით დაგვირგვინდა.
დღეს ქედს ვიხრით მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც სიცოცხლე შესწირა ამ დიადი მიზნის მიღწევას.
დღეს ასევე მადლიერებას გამოვხატავთ უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორებისადმი, რომელთა უწყვეტი თანადგომა დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში ჩვენთვის ფასდაუდებელია.
სწორედ თავისუფლება გვაძლევს ძალას, გავაგრძელოთ ისტორიული გზა, გავაღრმავოთ დემოკრატიული განვითარება, ცოდნაზე დაფუძნებული, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა და ჩვენი წარსულისა და კულტურის საკადრისი ადგილი დავიმკვიდროთ ევროპის თავისუფალ ერთა თანამეგობრობაში“ - აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.