საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულების დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და 28 ახალ სტიპენდიატს წარმატება მიულოცა. დაჯილდოების ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში და DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გებჰარდ როილი.
ნუნუ მიცკევიჩი: „მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაში. მიუხედავად პანდემიისა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიო და თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობა, თქვენ შეძელით ამ წარმატების მიღწევა და მოიპოვეთ შესაძლებლობა, განაგრძოთ სწავლა და გაიუმჯობესოთ გერმანული ენის ცოდნა მდიდარი აკადემიური ისტორიის მქონე ქვეყანაში. გარდა ამისა, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი ცოდნით წვლილი შეიტანოთ ქვეყნის განვითარებაში. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ!“
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გერმანიის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის განათლების ყველა საფეხურის, მეცნიერებისა და კულტურის განვითრების საქმეში.
ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურთან (DAAD), ისევე როგორც სხვა გერმანულ ორგანიზაციებთან პარტნიორობა პროდუქტიული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითებს წარმოადგენს. მისი თქმით, წარმატებული თანამშრომლობა არსებობს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. საქართველოში მეცნიერების განვითარებისთვის სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდისა და DAAD-ის თანამშრომლობას ერთობლივი პროექტების შემუშავების საქმეში კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
2020 წლის სტიპენდიებზე განაცხადი 329 პირმა გააკეთა, მათგან 28 შეირჩა. გამარჯვებულებს შორის არიან სკოლის მოსწავლეები, სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები, პოსტდოქტორანტები და აკადემიური პერსონალი.