საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა COVID-19-თან დაკავშირებით მეცნიერებთან და მედიცინის სფეროს წარმომადგენლებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა და მათ ჰორიზონტი 2020-ის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული მე-2 სპეციალური კონკურსის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე ასევე განიხილეს COVID-19-ის შესახებ ეროვნული სამეცნიერო პლატფორმის შექმნის საკითხი.
ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილმა ვითარებამ თვალსაჩინო გახადა მეცნიერებისა და ინოვაციების მნიშვნელობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროკომისიამ 122 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური სახსრების მობილიზება მოახდინა, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი თუ ინოვაციური გადაწყვეტილებებით აღნიშნული კრიზისის დაძლევის გზების კვლევას მოხმარდება. შედეგად, ევროკომისიამ ჰორიზონტი 2020 პროგრამის ფარგლებში COVID-19-თან დაკავშირებული მე-2 სპეციალური კონკურსი 5 თემატური მიმართულებით გამოაცხადა. მინისტრის მოადგილის თქმით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, როგორც ჰორიზონტი 2020 პროგრამის კოორდინატორი უწყება, ზემოაღნიშნულ სპეციალურ კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს.
ნუნუ მიცკევიჩმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ საქართველო დასახელებულია კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად. ამ პროცესში მონაწილე მეცნიერებისა და მედიცინის სფეროს წარმომადგენლების ევროპულ ქსელში ჩართვა კორონავირუსის დიაგნოსტიკის, მკურნალობის, ვაქცინის შემუშავებისა და პანდემიის ქცევითი, სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენის საკითხებზე სამუშაოდ საქართველოს წარმოჩენას უფრო მეტად შეუწყობს ხელს.
ონლაინ შეხვედრაზე ევროკომისიის მე-2 სპეციალური კონკურსის 5 თემატური მიმართულების შესახებ საინფორმაციო ხასიათის პრეზენტაციები გამართეს საქართველოში ჰორიზონტი 2020 პროგრამის ეროვნულმა კოორდინატორმა, ნათია გაბიტაშვილმა, ინოვაციური მედიცინის მიმართულების ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, მაია რუხაძემ, და ჯანმრთელობის მიმართულების ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, მაია ოკუჯავამ.
შეხვედრაზე მხარეებმა COVID-19-ის შესახებ ეროვნული სამეცნიერო პლატფორმის შექმნის საკითხზეც იმსჯელეს.
ევროკომისიის მიერ ჰორიზონტი 2020 პროგრამის ფარგლებში COVID-19-თან დაკავშირებით მე-2 სპეციალური კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულებზე:26 მაისს ევროკომისიის ორგანიზებით კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით გამართულ ვიდეოკონფერენციაზე, რომელშიც მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი იღებდა მონაწილეობას, ევროკავშირისა და ჰორიზონტი 2020 პროგრამის ასოცირებულ ქვეყნებს შორის საუკეთესო სამეცნიერო ჯგუფების თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს, ასევე, ლოკალურ დონეზე, ეროვნული სამეცნიერო პლატფორმის ჩამოყალიბების შესაძლებლობებზეც იმსჯელეს.