16 ივნისიდან ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ მსმენელთა ონლაინ რეგისტრაცია დაიწყო. სპეციალურად ამისთვის სკოლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეიქმნა პლატფორმა, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს ონლაინ რეგისტრაციის გავლას. აღნიშნული პროცედურის შესასრულებლად მსურველებს აქამდე სასწავლო ცენტრებში მისვლა და სპეციალური სარეგისტრაციო ბლანკის შევსება უწევდათ.
ონლაინ რეგისტრაციისთვის არ არის განსაზღვრული კონკრეტული ვადა. სასწავლო პროცესი დაიწყება ჯგუფების დაკომპლექტებისთანავე.
სახელმწიფო ენის არმცოდნე ბენეფიციარებს რეგისტრაციის პროცესში სკოლის თანამშრომლები დახმარებას ონლაინ გაუწევენ.
ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე:
http://www.zspa.ge/geo/registration
აღნიშნული სიახლე განხორციელდა ჟვანიას სკოლის „სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ ფარგლებში.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ საქართველოს 3 რეგიონში (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი) განთავსებულ 11 რეგიონულ სასწავლო ცენტრსა და მიმდებარე სოფლებსა და ქალაქებში არსებულ მობილურ ჯგუფებში. პროგრამა ხორციელდება თბილისშიც.
2014 წლიდან დღემდე სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით ისარგებლა 17 ათასამდე ბენეფიციარმა. კურსი განხორციელდა საქართველოს 4 ქალაქში, 140 სოფელსა და 7 სამხედრო ბაზაზე.