ქვეყანაში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 20 ივნისიდან დამთვალიერებლისთვის მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები ეტაპობრივად გაიხსნება; პროცესი დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით წარიმართება.
პირველ ეტაპზე გაიხსნება ის მუზეუმები, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს აკმაყოფილებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) რეკომენდაციების გათვალისწინებით, შემუშავდა „ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის“.
შეიქმნა ახალი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც მუზეუმები და მუზეუმ ნაკრძალები ვიზიტორებისთვის ეტაპობრივად გაიხსნება.
საქართველოს მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები დამთვალიერებელს შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებითა და უსაფრთხოების წესების დაცვით მიიღებს.
რეკომენდაციების სრული ჩამონათვალი სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის (დანართი №25) იხილეთ ბმულზე: https://www.moh.gov.ge