ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის სისტემის შემუშავების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა მცხეთაში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე.
გასვლითი სამუშაო შეხვედრის მიზანი მცხეთის გენგეგმის კონცეფციის ძირითადი საპროექტო გადაწყვეტებისა და წინადადებების კონკრეტულ გარემოსთან და ტერიტორიებთან მიმართებაში განხილვა იყო. საბჭოს წევრები ადგილზე გაეცნენ გენგეგმის კონცეფციით შემოთავაზებულ არსებულ და ახალ განვითარების არეალებს.
უწყებათაშორისი საბჭო 2018 წლის 10 მაისს საქართველოს მთავრობის მიერ შეიქმნა. საბჭოს ამოცანა და ფუნქცია ქალაქის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის სისტემის შემუშავების პროცესის ხელშეწყობა, ზედამხედველობა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაა.
მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შედგენაზე მუშაობს კონკურსის წესით შერჩეული ამხანაგობა „აქოლისი“, რომელიც მულტიდისციპლინური ჯგუფია და დარგობრივი სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებულ 8 საპროექტო კომპანიას აერთიანებს.
ახალმა გენგეგმამ უნდა უზრუნველყოს მცხეთის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის შენარჩუნება და მისი უსისტემო, ქაოტური განვითარების თავიდან აცილება ისე, რომ ხელი არ შეეშალოს ქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.
1994 წელს ქალაქ მცხეთის ისტორიული ძეგლები UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შევიდა, რამაც ქალაქის საერთაშორისო ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა განაპირობა.