ახალი პროფესიული სასწავლებელი შენდება ქალაქ მარნეულში. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება.
სამშენებლო სამუშაოებს მინიტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად გაეცნო.
ქვემო ქართლში ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“ მოქმედებს, რომელიც ქალაქ რუსთავში მდებარეობს. შემოდგომიდან პროფესიული განათლების მიღება უკვე მარნეულში, „მოდუსის” ახალ, თანამედროვე სივრცეშიც გახდება შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობას.
თანამედროვე სტანდარტების შენობა, სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირების საჭიროებებზე, ექნება საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. შენობა აღჭურვილი იქნება შესაბამისი ტექნიკით, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით. გარდა სასწავლო კორპუსისა, მოეწყობა კოლეჯის ეზო და ღია სპორტული მოედანი.
თანამედროვე სტანდარტებით აშენებული კოლეჯი მარნეულისა და მისი მეზობელი მუნიციპალიტეტების საჭიროებების გათვალისწინებით, ძირითადად სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო და მომზადება-გადამზადების პროგრამებს განახორციელებს. ამასთან, ადგილობრივი ბიზნესის ჩართულობით დაინერგება დუალური პროგრამებიც.