საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა და იმ მასწავლებლებს შეხვდა, რომლებმაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ზოგადი განათლების კომპონენტი უნდა ასწავლონ.
სამუშაო შეხვედრისას, განხილული იყო მასწავლებელთა შერჩევისა და ტრენინგის ეტაპები. მასწავლებლებმა ისაუბრეს ინიციატივის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვეს მათი მხრიდან სასწავლო პროცესში ჩართვის მზაობასა და მოტივაციას.
როგორც ცნობილია წელს პირველად გამოცხადდა რეგისტრაცია იმ პროგრამებზე, რომლებიც საბაზო განათლების მქონე სტუდენტებს, პროფესიული განათლების მიღების პარალელურად, სრულ ზოგად განათლებასაც შესთავაზებს.
3 წლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებული სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებს.
ამ ეტაპზე, 8 საშუალო პროფესიულ პროგრამაზე მიმდინარეობს რეგისტრაცია. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს პროგრამების ავტორიზაციის პროცესი და ივლისის ბოლომდე, სარეგისტრაციო ბაზაში 15 საგანმანათლებლო დაწესებულების 40-მდე პროგრამა განთავსდება.
დანერგვის პირველივე წელს საშუალო პროფესიული პროგრამები შეთავაზებული იქნება თბილისის, გურიის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის საგანმანათლებლო დაწესებულებებში.