საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან დისტანციური სამუშაო შეხვედრა გამართა და ინტეგრირებული პროგრამების დანერგვის პროცესს გაეცნო.
შეხვედრაზე განიხილეს ინტეგრირებულ პროგრამებზე სტუდენტთა რეგისტრაციის, ახალი პროგრამების ავტორიზაციის, მასწავლებელთა შერჩევისა და გადამზადების საკითხები. ასევე, ამ პროცესში გაეროს განვითარების პროგრამისა და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მხარდამჭერი ღონისძიებები.
როგორც ცნობილია წელს პირველად გამოცხადდა რეგისტრაცია იმ პროგრამებზე, რომლებიც საბაზო განათლების მქონე სტუდენტებს, პროფესიული განათლების მიღების პარალელურად, სრულ ზოგად განათლებასაც შესთავაზებს.
3 წლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებული სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებს.
ამ ეტაპზე, 8 საშუალო პროფესიულ პროგრამაზე მიმდინარეობს რეგისტრაცია. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს პროგრამების ავტორიზაციის პროცესი და ივლისის ბოლომდე, სარეგისტრაციო ბაზაში 15 საგანმანათლებლო დაწესებულების 40-მდე პროგრამა განთავსდება.
დანერგვის პირველივე წელს საშუალო პროფესიული პროგრამები შეთავაზებული იქნება თბილისის, გურიის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის საგანმანათლებლო დაწესებულებებში.