ბიზნეს სექტორთან სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, ონლაინ ფორმატში ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, ანა საბახტარიშვილს და ასოციაციისა და სამშენებლო ბიზნესის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი იყო ადამიანური კაპიტალის კონტექსტში, სამშენებლო სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ დიალოგი და პროფესიული განათლების სივრცეში მათი შესაძლო გადაჭრის გზების მოძიება. ამასთანავე, პოსტ-კოვიდურ პერიოდში, პრიორიტეტული მიმართულებების, უნარებისა და პოტენციური პარტნიორების განსაზღვრა.
სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და დინამიური სექტორია საქართველოში, შესაბამისად, სამინისტროს თანამშრომლობა სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებთან კვალიფიციური კადრების მომზადების კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.