საქართველოში კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიება გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მასში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და სხვა საპატიო სტუმრებმა.
მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
მიხეილ ჩხენკელი: „მსურს, მთელი გულით მივულოცო ჩვენს საზოგადოებას უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა – პროფესორ კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნა. უღრმესი მადლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარს – ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩემთვის, როგორც საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა, რომ ამერიკელი ხალხის, ამერიკის მთავრობის დახმარებითა და ჩართულობით ხორციელდება ასეთი უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტები.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო პროფესორ კენ ვოლკერის როლი როგორც ამ პროექტის, ასევე, საქართველოს სამედიცინო სფეროს განვითარების საქმეში. მე პირადად წილად მხვდა მასთან ურთიერთობის ბედნიერება. ეს პიროვნება გახლდათ მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი, საქართველოზე უაღრესად შეყვარებული. მას ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული როგორც ამ ცენტრის იდეის შექმნაში, ასევე, ქართველი სტუდენტების განათლების საქმეში. დღესაც ემორისა და ამერიკის სხვა წამყვან უნივერსიტეტებში და, რასაკვირველია, საქართველოში დიდი სიყვარულით იხსენებენ მის სახელს, მის ღვაწლს.
ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ, გარდა მთავარი – კლინიკური მიმართულებისა, უაღრესად მნიშვნელოვანია ცენტრის აკადემიური და სამეცნიერო კვლევითი განზომილებები. კერძოდ, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ამ ცენტრში გაიარონ უაღრესად მნიშვნელოვანი პრაქტიკა. შესაბამისად, ფიზიკური რეაბილიტაციის მიმართულებით მთელი თაობების აღზრდა მოხდება ამ ცენტრში. სამეცნიერო კვლევას, რასაკვირველია, აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა, და აქ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, ემორის უნივერსიტეტთან და სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად გაიმართება საკმაოდ მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევითი პროცესი, რაც, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გააუმჯობესებს დარგის შედეგებს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, წარმატებებს გისურვებთ და მინდა იცოდეთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება საშვილიშვილო ინიციატივების განხორციელებაში!“