გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევში თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პატარა მეჯვრისხევის ახალი სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2 მლნ 400 ათას ლარამდე გამოყო.
სკოლა სრულად ადაპტირებულია სსსმ მოსწავლეებისთვის. შენობაში სასწავლო სივრცეებთან ერთად მოეწყობა კომპიუტერული კლასკაბინეტი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სკოლა აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით.
თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.