საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის ხელმძღვანელობით „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2020-ის“ საორგანიზაციო კომიტეტის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “Horizon 2020” გამარჯვებული პროექტის “CAPTAIN: Science is the Captain” განხორციელების გზები განიხილეს.
პროექტი, რომლის საგრანტო ბიუჯეტი 197 500 ევროს შეადგენს, 2020 წლის 27-28 ნოემბერს საქართველოს 6 ქალაქში ფართომასშტაბიანი ღონისძიებების გაიმართვას გულისხმობს. პროექტით გათვალისწინებული აქტივობები მულტიდისციპლინური და მრავალდარგობრივია. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2020-ის“ მიმდინარეობისას დაცული იქნება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. გარდა ამისა, ყველა ღონისძიება, რომელიც ციფრულ ფორმატში გადაწყობის შესაძლებლობას იძლევა, ეპიდსიტუაციის შესაბამისად, დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება.
„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2020-ის“ ფარგლებში დაგეგმილია მეცნიერებისა და ინოვაციების თემაზე შექმნილი მოთხრობების, პიესების (მარი სკლოდოვსკა-კიურის ცხოვრების შესახებ), მუსიკალური კომპოზიციის, ნახატების, ფოტო და ვიდეორგოლების კონკურსების გამოცხადება მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის.
მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “Horizon 2020” მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულების კონკურსზე „ევროპელ მკვლევართა ღამე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარდგენილმა პროექტმა “CAPTAIN: Science is the Captain” გაიმარჯვა და 197 500 ევროს ღირებულების გრანტი მოიპოვა. პროექტის ამბიციური მიზანია ევროპის კონტინენტზე ევროპული მეცნიერებისა და ინოვაციების ჭეშმარიტად ევროპული ტიპის დღესასწაულის გამართვა.
ისტორიაში პირველად საქართველოს „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი“ გამოჩნდება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის ასოცირებული ქვეყნების მასშტაბით სინქრონულ რეჟიმში მიმდინარე საფესტივალო ღონისძიებების რუკაზე ევროკავშირის მიერ „ევროპელ მკვლევართა ღამისთვის“ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე. ფესტივალი ერთდროულად ჩატარდება ევროკავშრისა და ასოცირებული 30 ქვეყნის ასზე მეტ ქალაქში. „ევროპელ მკვლევართა ღამე“ ევროპული მეცნიერებისა და ინოვაციების ფართო მასშტაბის ფესტივალია, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და “Horizon 2020” პროგრამის ასოცირებული ქვეყნების ათეულობით ქალაქში 2005 წლიდან იმართება.