საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ევროპულ ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულ მემორანდუმს მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა და ასოციაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ მარიამ ქუჩულორიამ მოაწერეს ხელი.
თამარ ქიტიაშვილი: „დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან გავაფორმეთ მემორანდუმი ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან. ამ ორგანიზაციამ თავის ბაზაზე შექმნა სერვისები ბიზნეს სუბიექტებისათვის, რათა მათ მარტივად შეძლონ მომზადება-გადამზადების პროგრამის განხორციელებაში ჩართვა. ამ ტიპის თანამშრომლობა ბიზნეს გაერთიანებებთან არის მართლაც საკვანძოდ მნიშვნელოვანი, რადგან ხელს უწყობს, ერთი მხრივ, კერძო სექტორის ჩართვას პროფესიულ განათლებაში და, მეორე მხრივ – ამ სფეროს პოპულარიზაციას, რაც ყველაზე მთავარია, ზრდის პროფესიული განათლების ხარისხს.“
მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებას პროფესიული განათლების სფეროში. კერძოდ, მხარეების შეთანხმების თანახმად, ასოციაცია საკონსულტაციო სერვისს გაუწევს კერძო სექტორს, რათა გამარტივდეს კერძო კომპანიების პროფესიული მომზადება/გადამზადების სისტემაში ჩართვა.
ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით 2019 წლიდან დაიწყო. სერვისის მიწოდების პროცესის გამარტივებისათვის შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა http://tvet.emis.ge/, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პროვაიდერს (მათ შორის კერძო სექტორს) შეუძლია გააკეთოს განაცხადი მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვებისათვის. ასევე, ელექტრონულად მიმდინარეობს მსმენელთა რეგისტრაცია პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებზე შემდეგ ელექტრონულ პლატფორმაზე vet.emis.ge.