განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მედიისა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ბათუმის საავტორო ფილმების მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალის სრული პროგრამისა და სიახლეების პრეზენტაცია გაიმართა. ფესტივალის პროგრამისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელმა მანანა სურაძემ, ფესტივალის დირექტორმა გიორგი გოგიბერიძემ და ფესტივალის მენეჯერმა ზვიად ელიზიანმა ისაუბრეს.
ბათუმის საავტორო ფილმების მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი ტრადიციულად, 13-20 სექტემბერს ბათუმში ჩატარდება და მას კინოთეატრი „აპოლო“ და ევროპის მოედანი უმასპინძლებს. კორონავირუსის პანდემიის გამო, ფესტივალი განსხვავებული ფორმატით, რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა კინოჩვენებები, ჩატარდება სემინარები და ვორკშოფები. კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 40 ქვეყნის 35 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი, ასევე 50 მოკლემეტრაჟიანი კინოსურათი. ინდუსტრიული პლატფორმის „ალტერნატიული ტალღა“ ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება 9 ქართული პროექტი; პროექტის წარმომადგენლებისთვის (რეჟისორი, პროდუსერი) სცენარის განვითრებისა და რეჟისურის კუთხით, ტრენინგები ჩატარდება.
BIAFF 2020-ის ფარგლებში კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ფესტივალის საპატიო პრიზით დაჯილდოვდებიან ნანა ჯორჯაძე, მერაბ კოკოჩაშვილი და დათო ევგენიძე.
წელს ფესტივალს ახალი სექცია დაემატა - „COVIDEO” - იზოლაციაში მყოფი დამწყები თუ პროფესიონალი რეჟისორებისთვის და კინოგადაღებით დაინტერესებული მოყვარულებისთვის გამოცხადდა მოკლემეტრაჟიანი ფილმების მიღება. ამ სექციისთვის შეირჩევა 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც წარმოდგენილი იქნება BIAFF 2020-ის სპეციალურ საკონკურსო სექციაში - „COVIDEO“.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორია - ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი”.
კინოფესტივალის მხარდამჭერები - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ბათუმის დრამატული თეატრი, ბათუმის თოჯინების თეატრი, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ფრანგული ინსტიტუტი.
კინოფესტივალის სპონსორები - კინოთეატრი „აპოლო“, კომპანია „ჯპს“, სასტუმრო „O.Galogre Boutique Hotel”, სასტუმრო „DOWNTOWN”, ტურკომპანია „ვანდერლენდი“, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, შპს „Legal Consulting Center“
კინოფესტივალის მედია პარტნიორები - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ბათუმი ტვ, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), ჟურნალი „ინდიგო“, ჟურნალი „კინო“, Cinemania, AT.GE, ON.GE, Film New Europe (www.filmneweurope.com), Cineuropa.org, გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge
დამატებითი ინფორმაცია კინოფესტივალის შესახებ იხილეთ ბმულზე: http://www.biaff.org;
პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ - press@biaff.org; ტელ: 599-482181