საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სრულ მზადყოფნაშია და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლის საგანმანათლებლო რესურსებით მაქსიმალური უზრუნველყოფა.
გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ახალი სასწავლო წლისთვის სამინისტრო სრულად უზრუნველყოფს საჯარო სკოლების პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერისა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით აღჭურვას. პროცესი დაწყებულია და ახალი სასწავლო წლისთვის უკლებლივ ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილი იქნება აღნიშნული სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების ყველა მოსწავლეს სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ გადასცემს.
მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელთან, დავით ფარცვანიასთან ერთად, პირადად გაეცნო სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესს, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლისთვის „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლების მოსწავლეებს უსასყიდლოდ გადაეცემათ. სახელმძღვანელოების მიწოდება საქართველოს მასშტაბით შეუფერხებლად მიმდინარეობს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ქართული სექტორის 1-ლი-მე-7, მე-9-მე-12 და არაქართული სექტორის 1-ლი-მე-6 კლასებისთვის განკუთვნილი 3 732 020 ერთეული სახელმძღვანელო (8 487 114 ლარი) შეისყიდა. ასევე შესყიდულია დაწყებითი საფეხურის, მე-7, მე-8 კლასისთვის განკუთვნილი 874 850 ერთეული გრიფირებული სახელმძღვანელო (2 904 341 ლარი). სახელმწიფო ბიუჯეტის მაქსიმალური ეკონომიისა და მაღალი ხარისხის მომსახურების მისაღებად, საჭირო სახელმძღვანელოების შესყიდვა კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით მოხდა.
ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების მიწოდება აქტიურ ფაზაშია და სასწავლოს წლის დაწყებამდე ყველა საჯარო სკოლა იქნება უზრუნველყოფილი წიგნებით.
„მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2013 წლიდან წარმატებით ხორციელდება და მისი მიზანია სრული ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.