საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მომდევნო 4 წლის განმავლობაში კვლავ ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს. სეოკ-ის პრეზიდენტის პოსტზე ასარჩევად ერთი კანდიდატი იყო წარმოდგენილი. ხაბელოვი, რომელიც ოლიმპიურ კომიტეტს 2012 წლიდან უდგას სათავეში, პრეზიდენტის თანამდებობაზე მესამე ვადით, დღეს გამართულ საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე აირჩიეს. ყრილობაზე ასევე დამტკიცდა აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობა.
სესიას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები.
კენჭისყრის დაწყებამდე ლერი ხაბელოვმა სეოკ-ის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სესიაზე განიხილეს აუდიტის ფინანსური ანგარიში, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ქართველი სპორტსმენების მზადებისა და 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესაძლო მასპინძლობის საკითხი.
ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა უცვლელი რჩება. პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე კვლავ ელგუჯა ბერიშვილი იმუშავებს. ვიცე-პრეზიდენტები მამუკა ხაბარელი და ნინო სალუქვაძე იქნებიან, ხოლო გენერალური მდივნის მოვალეობას ემზარ ზენაიშვილი შეასრულებს.