საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც ჰიბრიდული ფორმით მიმდინარეობს.
მიხეილ ჩხენკელი სტუდენტებს პირადად გაეცნო, კიდევ ერთხელ მიულოცა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარება და საინტერესო და ნაყოფიერი სტუდენტური ცხოვრება უსურვა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) წელს 245 სტუდენტი მიიღო ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე: მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება.
უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა 90%-მა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე KIU შემოხაზა პირველ არჩევნად, ხოლო სტუდენტთა 78%-მა შეძლო სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება.