პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა დაიწყო. პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, კაფეტერია. შენობა აღიჭურვება გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით. ეზოში მოწეყობა თანამედროვე სტანდარტების ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო სივრცე.
პროექტს სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელბს და მისი ღირებულება ცხრა მილიონ ლარზე მეტია.
ბორჯომის პროფესიული კოლეჯი ძირითადად ტურიზმის, სატყეო, სამშენებლო და სოფლის მეურნეობის მიმართულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებს და ამით ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას.