პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“ საქართველო წელს პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს და ისტორიაში პირველად გამოჩნდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის ასოცირებული ქვეყნების მასშტაბით, სინქრონულ რეჟიმში მიმდინარე ღონისძიებების რუკაზე.
27 ნოემბერს პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ მთავარი ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ქვეყანაში COVID-19-ის ზედამხედველობასა და მართვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა და მადლობის სიგელი NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილეს, პაატა იმნაძეს გადასცა.
მიხეილ ჩხენკელი: „ევროკავშირის ეგიდით გაიმართა უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა მეცნიერებას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს, საქართველოში მეცნიერების მხარდაჭერისთვის. ეს ღონისძიება ახალ ასპარეზს უქმნის ჩვენს მეცნიერებს ერთობლივი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. მეცნიერების განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა მისი სასიცოცხლო მნიშვნელობა.
ღონისძიების ფარგლებში, ჩვენ დავაჯილდოვეთ ლუგარის ცენტრის მკვლევარი მეცნიერები, ექიმები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უღრმესი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს მათი თავდადებული შრომისათვის. ისინი უხილავი ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებიან და ჭეშმარიტად წარმოადგენენ თანამედროვეობის გმირებს.“
ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ ის მკვლევრები და მეცნიერები, რომლებიც „ჰორიზონტი 2020“-ის სხვადასხვა საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ. მათ შორის: ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი; სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი; ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“; საქართველოს ლანდშაფტის არქიტექტორთა ასოციაცია (GALA);
27-28 ნოემბერს პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ძირითადი ღონისძიებები, ფართომასშტაბიანი, მრავალდარგობრივი, შემეცნებითი და სახალისო აქტივობები, თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხესა და ზუგდიდში დისტანციურად ტარდება.
„მეცნიერება კაპიტანია“ მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის, წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარდგენილმა პროექტმა „მეცნიერება კაპიტანია“ ევროკავშირის პროგრამის ‘Horizon 2020’ მარი სკლოდოვსკაია-კიურის (MSCA) კონკურსზე „ევროპელ მკვლევართა ღამე“ გამარჯვება მოიპოვა. აღნიშნული კონკურსი 2005 წლიდან მხარს უჭერს მეცნიერებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას ფართომასშტაბიანი ღონისძიებების მეშვეობით.