30 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი „პრომეთე“ ონლაინ ფორმატში ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ კინოჩვენებებსა და მასტერკლასებს მაყურებელი იხილავს ბმულზე: https://www.facebook.com/TbilisiFilmFestival
ფესტივალის ყოველწლიურ სექციაში „დამზადებულია გერმანიაში” წელს 4 ფილმი იქნება წარმოდგენილი, მათ შორისაა ბერლინის კინოფესტივალის ტრიუმფატორი, კრისტიან პეტცოლდის „უნდინე”. მაყურებელი „გერმანულ“ სექციაში იხილავს ელიზა პეტკოვას ფილმს „თავდაყირა თევზი“; ამავე სექციაშია დებიუტანტი ფრედერიკ ჰამბალეკის „მოდელ ოლიმპია“, რომელიც დედა-შვილობის მარადიულ თემას უჩვეულო კუთხიდან ასახავს და დაფნე შარიზანის „განცალკევებული დები“, რომელიც გერმანელი ჯარისკაცი ქალის ისტორიას მოგვითხრობს.
სექცია „მსოფლიო კინო” 16 ფილმს აერთიანებს აზიიდან და ამერიკის კონტინენტიდან. მათ შორის: ბრაზიულიური ნამუშევარი, რეჟისორ ჟოაო პაულო მირანდა მარიას „ოცნებების სახლი“ და თბილისის კინოფესტივალის ერთგული მაყურებლის ერთ-ერთი ფავორიტი კორეელი რეჟისორის, ჰონგ სანგსუს „ქალი, რომელიც გაიქცა”.
ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება, შვედი რეჟისორის, ნათან გროსმანის დოკუმენტური ფილმი „მე ვარ გრეტა”, რომელიც ცნობილი ახალგაზრდა აქტივისტისა და ნობელის პრემიის ლაურეატის - გრეტა თუნბერგის ოჯახის, მეგობრებისა და საქმიანობის შესახებ მოგვითხრობს.
ვრცლად ფესტივალის პროგრამის შესახებ, იხილეთ ბმულზე: http://www.tbilisifilmfestival.ge