საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ფერმწერის, საქართველოს დამსახურებული მხატვრის, პროფესორ ოთარ ჯაფარიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
ოთარ ჯაფარიძე, შემოქმედებით მუშაობასთან ერთად, ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში; 1960 წლიდან იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის პროფესორი; 1968-1983 წლებში სამხატვრო აკადემიის პრორექტორის მოვალეობას ასრულებდა სასწავლო დარგში. 1988 წლიდან კი, იყო უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელი.
ოთარ ჯაფარიძე აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში. მხატვრის ნამუშევრები დაცულია არაერთ მუზეუმსა და კერძო კოლექციაში, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მან მხატვართა მრავალი თაობა აღზარდა.