საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას იმ უმნიშვნელოვანეს მეგა-პროექტზე ისაუბრა, რომლებიც პანდემიის მიუხედავად, უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორცილდა.
„2020 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოს უმაღლესი განათლებისთვის. გაიხსნა ქვეყნის განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. საქართველოში ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი ვერ იარსებებდა, რომ არა მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც ერთ მილიარდ ევროს შეადგენს.
უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა. ეს არის ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ვითარდება დასავლური სტანდარტებით. იგი პირველი საუნივერსიტეტო კამპუსის ტიპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა რეგიონში.
პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა. უნივერსიტეტმა წელს პირველი სტუდენტები მიიღო ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება და მენეჯმენტი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ინტენსიურად თანამშრომლობს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რომელთან ერთადაც შეიქმნა ის აკადემიური პროგრამები, რომლითაც უნივერსიტეტმა ოპერირება დაიწყო. მომდევნო წლებში უნივერსიტეტში გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის და ყოველი მათგანი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე იქნება დაფუძნებული.
აღსანიშნავია, რომ ქართველ პროფესორებთან ერთად, უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობენ პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა და ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანია, ხოლო მრჩეველთა საბჭოს წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან.
მინისტრობის კანდიდატმა განსაკურებით გამოყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება და აღნიშნა, რომ დაწყებულია მუშაობა ადრონული თერაპიის ცენტრის დასაარსებლად, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში თანამედროვე კვლევები განხორციელდება. ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, რომელთა დამზადება ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. ეს პროექტიც ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, ხოლო მეორე ციკლოტრონი – სამეცნიერო-კვლევით პროცესს. აღნიშნულ კვლევებს ქართველ მეცნიერებთან ერთად ცნობილი უცხოელი მეცნიერები განახორციელებენ. მიხეილ ჩხენკელის თქმით, მათ უკვე გამოთქვეს მზაობა, რომ ქართველ მეცნიერებთან ერთად აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ქუთაისში. შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი გახდება მსოფლიო მნიშვნელობის აკადემიური და სამეცნიერო კერა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაგეგმილია მრჩეველთა ინდუსტრიული საბჭოს დაფუძნება. საბჭოს შემადგენლობაში შევლენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები და ბიზნეს ასოციაციები.