საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურული პროექტებზე ისაუბრა.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს. შესაბამისად, 2020 წლის განმავლობაში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) მიერ 2020 წელს საქართველოს მასშტაბით დასრულდა 20 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო 800-მდე სკოლაში სრულად მოწესრიგდა სველი წერტილები. 2021 წელს იგეგმება მიმდინარე მშენებლობების დასრულება, რის შედეგადაც განათლების სისტემას 60 ახალი სკოლა შეემატება.
რაც შეეხება უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მინისტრობის კანდიდატის თქმით, 2020 წელი ამ მხრივ გასაკუთრებით გამორჩეულია. საქართველოში განხორციელდა საერთაშორისო მასშტაბის მეგა-პროექტი – ოქტომბერში საზეიმოდ გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. საქართველოში ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი ვერ იარსებებდა, რომ არა მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც ერთ მილიარდ ევროს შეადგენს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის პირველი საუნივერსიტეტო კამპუსის ტიპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება რეგიონში და მოიცავს სასწავლო და ადმინისტრაციულ კორპუსებს, სტუდენტების საერთო საცხოვრებლებს, სპორტულ მოედნებსა და სარეკრეაციო სივრცეებს. გარდა ამისა, უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნდება ადრონული თერაპიის ცენტრი. ეს პროექტიც მთლიანად ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული.
ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის აღსანიშნავია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სრული რეაბილიტაცია, რისთვისაც 27 მლნ ლარია გამოყოფილი. სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია, 2021 წელს კი მეორე კორპუსი საბოლოოდ მოწესრიგდება და ის სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებს.
მიმდინარე წელს აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა პროფესიულ სასწავლებლებს ქუთაისში, შუახევში, მარნეულში, ჩოხატაურში, კასპსა და თელავში. პროცესი გრძელდება და 2021 წლისთვის საქართველოს კიდევ 11 ქალაქს ექნება ახალაშენებული /რეაბილიტირებული პროფესიული სასწავლებელი.
მიხეილ ჩხენკელმა კულტურის მიმართულებით განხორციელებულ უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ევროპის მასშტაბით საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მსოფლიო პანდემიის დროს ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა – ეროვნული მუზეუმის ვანის არქეოლოგიური და ბოლნისის რეგიონული მუზეუმები. დასრულდა მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა, სადაც ექსპოზიციის ინსტალირება უკვე დაწყებულია. გარდა ამისა, დასრულდა სამხატვრო აკადემიისა და ანსამბლ „რუსთავის“ შენობების რეაბილიტაცია. დასასრულს უახლოვდება მუსიკალური დრამისა და კომედიის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მნიშნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის მიმართულებით. კერძოდ, განახლდა 24 ობიექტი, საკონსერვაციო და არქეოლოგიური კვლევის სამუშაოები მიმდინარეობს 55 ძეგლზე. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა 97 მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენითი სამუშაოები.
მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებულად გამოყო სპორტის მიმართულებით განხორციელებული მასშტაბური პროექტები. ბათუმში საზეიმოდ გაიხსნა 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს უმაღლესი - მე-4 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონი, რომელიც 2023 წელს, 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს. ასევე ბათუმში მალე დასრულდება მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც სპორტის 20-მდე სახეობას მოემსახურება. ინტენსიურად მიმდინარეობს 10 000 მაყურებელზე გათვლილი, საერთაშორისო სტანდარტების კალათბურთის დარბაზის მშენებლობა თბილისში. ახალი დარბაზი 2022 წელს ევროპის კალათბურთის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, მნიშვნელოვანია, გაიზარდოს სპორტზე ხელმისაწვდომობა. ამ მიზნით, 2020 წელს თბილისსა და რეგიონებში აშენდა ფეხბურთის ცენტრები, აკადემიები, აშენდა და განახლდა ფეხბურთის სტადიონები. მშენებლობის პროცესი ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. ზუგდიდში ასევე მიმდინარეობს ფონდ „ქართუს“ მორიგი მასშტაბური პროექტი - რაგბის ბაზის მშენებლობა.
ზამთრის სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გრძელდება სათხილამურო ბაზებისა და საბაგირო გზების მოწყობა-მშენებლობა. თავისუფალი სტილით თხილამურებით სრიალსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 2025 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის, აშენდება საერთაშორისო სტანდარტების სპორტული ობიექტები ბაკურიანსა და გუდაურში.
აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ შეიმუშავა მომდევნო 10 წლის მანძილზე სპორტული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგია, რომლის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება საერთაშორისო სტანდარტების სპორტული მოედნების, სტადიონების, სპორტის სასახლეების, საწყლოსნო კომპლექსების, საჩოგბურთო კორტების, ყინულის დარბაზების, სპორტული ბაზების, აკადემიების, ცენტრებისა და მასობრივი სპორტული ობიექტების მშენებლობა.