საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ევროპის უნივერსიტეტში, რექტორთან ნინო ტალიაშვილთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციის სახელობის დარბაზი საზეიმოდ გახსნა.
მიხეილ ჩხენკელი: „ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროპის უნივერსიტეტში აკადემიური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზეა ორგანიზებული. დღეს გავხსენით იმიტირებული სასამართლოებისთვის განკუთვნილი დარბაზი, მოვინახულეთ არქეოლოგიური მუზეუმი, ასევე მედიცინის ფაკულტეტი.
უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი სტუდენტებისთვის სწავლის თვალსაზრისით. ასევე ძალიან საინტერესოა, რომ მაღალ დონეზეა სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა. როდესაც სტუდენტები აუდიტორიაში დაბრუნდებიან, ყველა პირობაა დაცული სამედიცინო პროტოკოლის თვალსაზრისით, რომ უსაფრთხო გარემოში გაგრძელდეს სასწავლო პროცესი.“
ნინო ტალიაშვილი: „ევროპის უნივერსიტეტი ახორციელებს პროექტს „საქართველოს კონსტიტუცია 100 წლისაა“. 2021 წელი საქართველოს კონსტიტუციის წლად გამოცხადდა და 100 წლისთავის ფარგლებში დაიგეგმა სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის სახელობის დარბაზის გახსნა ევროპის უნივერსიტეტში. ასევე, შევქმენით ელექტრონული პლატფორმა, სადაც განვათავსეთ ვიდეორგოლები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას შეეხება და საზოგადოების ფართო ფენებში მის პოპულარიზაციას ემსახურება.“
მიხეილ ჩხენკელმა ევროპის უნივერსიტეტში არსებული არქეოლოგიური მუზეუმი დაათვალიერა, სადაც გვიანი ბრინჯაოს პერიოდიდან ადრეულ შუა საუკუნეებამდე სხვადასხვა დროს აღმოჩენილი არტეფაქტებია თავმოყრილი. მინისტრმა ასევე მოინახულა მედიცინის კორპუსი, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიები და სიმულაციური ცენტრია განთავსებული.
მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის სახელობის დარბაზის პრეზენტაცია იმ დიდი პროექტის ნაწილია, რომელსაც ევროპის უნივერსიტეტი ახორციელებს. პროექტმა „საქართველოს კონსტიტუცია 100 წლისაა“ საზოგადოებას გააცნო ადამიანები, ვისი ცხოვრების მთავარი ან გარდამტეხი მოვლენებიც, შემოქმედებითი თუ პოლიტიკური თავისუფლება, დემოკრატიული ღირებულებები და არჩევანი, კონსტიტუციამ განსაზღვრა.
ევროპის უნივერსიტეტმა 2021 წელი კონსტიტუციის წლად გამოაცხადა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის კონსტიტუციის მნიშვნელობას, ცოდნასა და პატივისცემას.
აღსანიშნავია, რომ საარქივო ფოტოების გარდა, საპრეზენტაციო კედელზე კონსტიტუციის ის მნიშვნელოვანი ფრაგმენტებია წარმოდგენილი, რომლებმაც 1921 წლიდან დღემდე, სახელმწიფოებრივი სრულყოფის პროცესში განსაკუთრებული გავლენა იქონიეს.