საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნებამდე სკოლების მზადების პროცესს ადგილზე ეცნობა. ეკატერინე დგებუაძე თბილისის 150-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც 15 თებერვალს მოსწავლეთა მისაღებად ემზადებიან.
როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, 150-ე საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის ბუნებრივ ფორმატში აღსადგენად სრულ მზადყოფნაშია. სკოლა ზედმიწევნით იცავს სამინისტროს რეკომენდაციებს და აკმაყოფილებს ყველა სანიტარულ-ჰიგიენურ სტანდარტს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აღჭურვილია: პირბადეებით, დეზობარიერებით, სადეზინფექციო ხსნარებითა და თერმოსკრინინგის აპარატებით, შენობაში დამონტაჟებულია სპეციალური დისპენსერები, მოწყობილია ცხელების ოთახი და საკლასო ოთახებში მერხებს შორის დაცულია ერთმეტრიანი დისტანცია.
ეკატერინე დგებუაძემ სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით მშობელთა ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათთან კომუნიკაცია მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, სამინისტროს ინიციატივით, სკოლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ მოსწავლეთა მშობლებთან. ადმინისტრაცია მათ აწვდის ყველა სიახლეს, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა Covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია, რომ 150-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები, ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში, უკვე დარეგისტრირებული არიან შრომის ინსპექციის სპეციალურ პორტალზე. შესაბამისად, სკოლის თანამშრომლების 20%-ს ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდება სავალდებულო ტესტირება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის სისტემური ტესტირება, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში დაბრუნების პარალელურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ სამინისტრომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნებამდე უზრუნველყო როგორც საჯარო სკოლების ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, ასევე, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს შრომის პირობების ინსპექტირების სამსახური აკვირდება და ამ მიმართულებით სკოლებში მონიტორინგი სისტემატურად ხორციელდება.