მიხეილ ჩხენკელი: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თამაზ გამყრელიძის გარდაცვალების გამო.
ბატონი თამაზი იყო მსოფლიო მასშტაბის ქართველი ენათმეცნიერი და მკვლევარი, რომელმაც სახელი გაუთქვა ქართულ ენათმეცნიერებას. ფასდაუდებელია მისი ნაშრომი წერის ანბანური სისტემისა და ძველი ქართული დამწერლობის შესახებ, რომელიც ფართომასშტაბიანი კვლევის შეუდარებელ ნიმუშს წარმოადგენს.
თამაზ გამყრელიძე გახლდათ ევროპის აკადემიის პირველი ქართველი ნამდვილი წევრი, ასევე არჩეული იყო ბრიტანეთის, ავსტრიის, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიების, ამერიკის ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ საპატიო წევრად. ის წლების განმავლობაში იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი და მისი საპატიო პრეზიდენტი სიცოცხლის ბოლომდე.
ფასდაუდებელია მისი სამოცდაათწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ასევე მრჩეველთა საბჭოს წევრი, მის ხელში არაერთი თაობა აღიზარდა. თამაზ გამყრელიძემ უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და განვითარების საქმეში, სწორედ მან მოაწერა ხელი 1991 წლის 9 აპრილს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.
თამაზ გამყრელიძე მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ეროვნული და უცხოური ჯილდოს მფლობელი იყო, მათ შორის: ალმა-მატერის წინაშე გაწეული თავდაუზოგავი ღვაწლისთვის, მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო და ივანე ჯავახიშვილის მედლები.
გულწრფელად ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკლისს თამაზ გამყრელიძის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად სამეცნიერო საზოგადოებას.“