საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია დაწესდება. კონკურსს ორგანიზებას გაუწევს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია გაიცემა ენათმეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის. პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა შეეძლება ენათმეცნიერების მიმართულებით მოღვაწე დოქტორის ხარისხის მქონე საქართველოს თუ უცხოეთის მოქალაქეს.
გარდა ამისა, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივითვე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამაზ გამყრელიძის სახელობის კაბინეტი გაიხსნება, ხოლო სტუდენტებისათვის მისი სახელობის სტიპენდია დაწესდება.
აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე გახლდათ ევროპის აკადემიის პირველი ქართველი ნამდვილი წევრი, ასევე არჩეული იყო ბრიტანეთის, ავსტრიის, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიების, ამერიკის ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ საპატიო წევრად. ის წლების განმავლობაში იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი და მისი საპატიო პრეზიდენტი სიცოცხლის ბოლომდე. სამოცდაათწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის შედეგად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მან არაერთი თაობა აღზარდა. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ასევე მრჩეველთა საბჭოს წევრი.
თამაზ გამყრელიძემ უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და განვითარების საქმეში, სწორედ მან მოაწერა ხელი 1991 წლის 9 აპრილს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.