15 თებერვლიდან თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გრძელდება. სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის ბუნებრივ გარემოში დაბრუნების პირველ დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსთან გელა გელაძესთან ერთად, თბილისის 155-ე, 142-ე, და 159-ე საჯარო სკოლებს ეწვია და საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
ეკატერინე დგებუაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სკოლაში დაბრუნება მიულოცა და ყველას მოუწოდა, ზედმიწევნით დაიცვან სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შენარჩუნების კუთხით მნიშვნელოვანია, სასკოლო საზოგადოების წევრებმა გამოიჩინონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა.
ეკატერინე დგებუაძემ ყურადღება გაამახვილა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე, რისთვისაც მზადების პროცესი თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში ორი კვირის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა.
მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის ვიზიტები საჯარო სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით სისტემატურად გაგრძელდება.