საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსთან ბექა ფერაძესთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები პირადად გააცნო.
ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის აღდგენა 2 ეტაპად მოხდება. კერძოდ, 1-ლი მარტიდან უნივერსიტეტებს კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტებისა და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარების შესაძლებლობა მიეცემა. რაც შეეხება მეორე ეტაპს, 15 მარტიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საშუალება ექნებათ, სრულად აღადგინონ საქმიანობა და სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ორივე ეტაპზე უნივერსიტეტებისთვის არჩევანი ნებაყოფლობითი იქნება და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას ისინი, სამინისტროსთან კონსულტაციით, ინდივიდუალურად შეძლებენ.
ნუნუ მიცკევიჩმა მადლობა გადაუხადა რექტორებს პანდემიის პირობებში ახალ რეალობასთან სწრაფად ადაპტაციისთვის და აღნიშნა, რომ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, არაერთი გამოწვევის მიუხედავად, წარმატებით გაართვეს თავი დისტანციური სასწავლო პროცესის გამართულად ორგანიზებას. მისი თქმით, ონლაინ სწავლების დროს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ხელმძღვანელობდნენ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ 2018 წელს შემუშავებული ელექტრონული სწავლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპებით.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით გამოყო უნივერსიტეტში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობა და აღნიშნა, რომ თითოეული სტუდენტისა და აკადემიური პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიზნით, სამინისტრომ სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება.