ეკა ღვინიაშვილი: „სკოლაში მარტო კი არ ვასწავლი, არამედ თავადაც ვსწავლობ, როგორც ჩემი კოლეგებისგან, ასევე მოსწავლეებისგან. მაბედნიერებს ჩემს მოსწავლეებთან ურთიერთობა, ის ფაქტი, რომ მათ განვითარებაში ჩემი წვლილი შემაქვს.“
პანდემიის პირობებში, როდესაც სკოლებში სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმით მიმდინარეობდა ეკა ღვინიაშვილმა სოციალურ ქსელში შექმნა გვერდი: „სპეციალური მასწავლებლის ბლოგი“, სადაც მოსწავლეებისთვის მომზადებულ დავალებებს საჯაროდ აქვეყნებდა და შემუშავებულ მასალას კოლეგებსაც უზიარებდა. ამასთან, ის საკუთარ ბლოგზე სისტემატურად აზიარებდა როგორც სასარგებლო და საინტერესო საგანმანათლებლო სიახლეს.
როგორც თავად ამბობს, მასწავლებლობა მისთვის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული და აღნიშნული პროფესია, მოსწავლეებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნვასაც გულისხმობს.
ეკა ღვინიაშვილი ქალაქ თბილისის 82-ე საჯარო სკოლაში უკვე რამდენიმე წელია ასწავლის. მას შემდეგ, რაც განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზა და მათი სახელფასო პოლიტიკა, იგი უფროსი სპეციალური მასწავლებელი გახდა და 2021 წლიდან სტატუსის შესაბამის დანამატს იღებს.