საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროს გელა გელაძესთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს ესტუმრა და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებულ ზომებს პირადად გაეცნო.
როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, მცხეთის საჯარო სკოლებში, მოსწავლეთა მაღალი დასწრების მიუხედავად, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და ახლა მთავარია, სტაბილურობის შესანარჩუნებლად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა ზედმიწევნით დაიცვან სამინისტროს რეკომენდაციები.
მონიტორინგის ფარგლებში, რამდენიმე სკოლამ სამინისტროს მხრიდან უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით დამატებითი რეკომენდაციები მიიღო.
საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით სისტემატურ რეჟიმში გრძელდება. ასევე მიმდინარეობს მასწავლებელთა სავალდებულო სისტემური ტესტირება.