ახალი სტადიონი სპორტის სამი სახეობის - ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის კომპლექსური სწავლების საშუალებას იძლევა. ანალოგიური სტადიონების კეთილმოწყობა ქალაქის მასშტაბით ბევრ საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. ახალი სასწავლო წლისათვის თბილისის 72 სკოლაში ახალი სპორტული დარბაზი ხოლო, 28 საჯარო სკოლაში ღია სპორტული მოედანი მოეწყობა.
სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ძირითადად იმ სკოლებში მიმდინარეობს, სადაც ან საერთოდ არ იყო ანალოგიური გარემო, ან იყო ავარიულ მდგომარეობაში. უახლოეს მომავალში დედაქალაქის ყველა საჯარო სკოლის სპორტული ინფრასტრუქტურა იქნება რეაბილიტირებული.
სკოლებში კეთილმოწყობილი დახურული და ღია სპორტული მოედნების მოწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ სიახლის ფონზე ენიჭება, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების ფიზიკური განათლებისა და სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლებას გულისხმობს.
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ახალი პროექტი 2010-2011 სასწავლო წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილების საფუძველზე ამოქმედდება. პროექტი, რომელიც ფიზიკური განათლებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობების ინტეგრაციაში გამოიხატება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას გულისხმობს, საქართველოს ყველა საჯრო სკოლაში განხორციელდება.