საქართველოსა და უნგრეთს შორის განათლების მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო ფართოვდება. მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ ორი მემორანდუმი გააფორმეს. ურთიერთთანამშრომლობა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
უმაღლესი განათლების სფეროში ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ხელმოწერილი დოკუმენტი მიზნად ისახავს მხარეებს შორის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის, პოლიტიკისა და პრაქტიკის განვითარებასა და გაძლიერებას. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს მხრიდან პროგრამებისა და პროექტების მართვას განათლების საერთაშორისო ცენტრი (IEC), ხოლო უნგრეთის მხარიდან - ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი განახორციელებს.
მეორე მემორანდუმი კი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ჩატარდება ერთობლივი კონფერენციები, სემინარები და ვორქშოპები, სადაც მოხდება ცოდნისა და უახლესი ინფორმაციის გაცვლა.
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს სამინისტროს სახელით მადლობა გადაუხადა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.